Wednesday, March 22, 2017

ვაჟა-ფშაველას მოთხრობა "ია"

                   
გაკვეთილის მთავარი         თემა
ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ია“
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს, უფრო შეიყვარონ და  შეიგრძნონ ბუნება, მეტი მზრუნველობა გამოიჩინონ მის მიმართ, გააცნობიერონ, რომ ბუნების დაცვა მათი მოვალეობაა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ტექსტის გაგება-გააზრება;
მსჯელობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
მწერლის მთავარი სათქმელის ამოცნობა;
მხატვრული ხერხების (გაპიროვნების) ამოცნობა, მათი დანიშნულების გააზრება;
წერის უნარის განვითარება.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ვაჟას ნაწარმოებები, კერძოდ, „შვლის ნუკრის ნაამბობი“. იციან, რომ დიდი მწერალი ბუნების მესაიდუმლეა. მის ნაწარმოებებში ფრინველები, ცხოველები და მცენარეები ადამიანებივით განიცდიან, წუხან და უხარიათ.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული  შეფასების რუბრიკის მიხედვით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.
A ფაზა 5 წ.
მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით მოსწავლეებს აჩვენებს სლაიდებს ბუნების ბინადრების შესახებ, შვლის ნუკრის, მთის წყაროს, ყვავილების გამოსახულებებს, ბავშვები იხსენებენ ვაჟას იმ ნაწარმოებებს, რომლებშიც გაცოცხლებულია ბუნება, მსჯელობენ, რა მოეწონათ და რა დაამახსოვრდათ მათგან, რომელი ყვავილი უყვართ განსაკუთრებით.  ივსება ასოციაციური რუკა იის დამახასიათებელი ეპითეტებით.
B ფაზა 20 წ.
მოთხრობა პირობითად იყოფა ორ ნაწილად. ტექსტის უკეთ გაგების მიზნით კითხვა-პასუხის  საშუალებით მოსწავლეები მსჯელობენ I ნაწილის მთავარ თემაზე - რით გამოირჩევა
უღრან ტყეში ამოსული პატარა ყვავილი? რატომ ნატრობს ის სიმღერის ნიჭს? ვინ ან რა მიაჩნია იას მფარველად? რატომ მოსწონთ თავი იასა და წიფლისჩიტას? ამის შემდეგ მოსწავლეები ახასიათებენ  პერსონაჟებს, რომლებიც იის გარშემო არიან და მას სიცოცხლეს ულამაზებენ. ამ კითხვებზე პასუხების მოსმენისა და დისკუსიის შემდეგ შემდეგ მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა - ბუნებაში არსებობს ჰარმონია და ურთიერთსიყვარული, იგი  სიცოცხლის, სიყვარულისა და სიხარულის მომნიჭებელია.
 ამის შემდეგ მოსწავლეები აკვირდებიან ტექსტს და აღმოაჩენენ, რომ I ნაწილის სასიხარულო განწყობას ასრულებს ერთი სიტყვა - „ვიტირეთ“.   II ნაწილს ავტორი იწყებს ფრაზით „რა შეუბრალებელია კაცი!“  მოსწავლეები მსჯელობენ, რა განწყობას ქმნის  ამგვარი  ცვლილება? ადამიანის რა თვისება ჩანს ტექსტის ამ მონაკვეთში? მიდიან იმ დასკვნამდე, რომ  მწერალი მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უსულგულობაზე, შეუბრალებლობაზე, ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენების სურვილზე.
დაისმება კითხვა - რის სიმბოლოა ია? რა მიზანი ჰქონდა მწერალს, როცა ყვავილი აამეტყველა?
ვიხსენებთ, რას ეწოდება გაპიროვნება; ვაჟას რომელ თხზულებაში გხვდება ის, როგორც თხრობის მთავარი ხერხი; სხვა მწერლის შემოქმედებაში თუ შეხვედრიათ გაპიროვნების ნიმუშები?
 მოსწავლეები თვითონ აკეთებენ დასკვნას - რატომ მიმართავენ მწერლები ამ ხერხს თავიანთ ნაწარმოებებში.
 ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებისა და წერის უნარის განვითარების  მიზნით წყვილებში სამუშაოდ მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს სქემას “გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე”. დავალების შესრულების შემდეგ წყვილები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს. 5 წთ.
C ფაზა 10 წთ.
პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა - ბუნების დაცვა, მისი გაფრთხილება ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ამას გვასწავლის ვაჟა, ამიტომაც მისი შემოქმედება ყოველთვის აქტუალურია.
 საშინაო დავალება 3 წთ
 შეარჩიეთ მოთხრობაში 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი და შექმენით კომიქსი; შერჩეული ეპიზოდები დაასათაურეთ (კომიქსი უნდა შეიცავდეს ნახატებსა და დიალოგებს).

  

No comments:

Post a Comment